ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა/რეაბილიტაციას, სულ ცოტა 3-4 თვე დასჭირდება. ამის შესახებ ჭუბერში მერის წარმომადგენელმა ნინო ვიბლიანმა თქვა. ინფორმაციცას bm.ge ავრცელებს.
ვიბლიანის თქმით, ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური ხიდი აღდგენილია, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება დაზარალებული ოჯახების ბედს, როგორც გამგებელი აცხადებს, ამ დრომდე სახელმწიფოს მათთვის შეთავაზება არ გაუკეთებია.
„ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. დაცულია ყველა სახლი, ყველა წყალმოვარდნის კალაპოტი გამაგრებულია. რაც შეეხება გზებს, აღდგენილია ის ცენტრალური ხიდი, რომელიც ორ მხარეს აკავშირებდა. ასევე გაწმენდილია გზები და გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა სრულ რეაბილიტაციამდე მინიმუმ 3-4 თვე დაგვჭირდება. იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სახლის დატოვება მოუწიათ, რაიმე შეთავაზება ჯერ არ გვაქვს, თუმცა ყველაფერს მოვაგვარებთ რომ უკმაყოფილოები არ იყვნენ. ზარალის ოდენობაზე ზუსტი რიცხვების თქმისგან თავს შევიკავებდი, ეს იმდენად დიდი ზარალია, ბოლომდე კიდევ არ არის დათვლილი, ცალ-ცალკე გვაქვს რაღაც სურათი, თუმცა ჯამური არა“, – აცხადებს ვიბლიანი.
8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
ხოლო, მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა, სავარაუდოდ, 5 მილიონ ლარს გადააჭარბა, თუმცა ჯერ ზუსტ ციფრებზე ვერ საუბრობს.