ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლადო გოდოლაძემ და ნია ფხაკაძემ, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მიხეილ კოტიშაძის ხელმძღვანელობით ინოვაციური და მსოფლიოში უპრეცედენტო მზის პანელების მოსაბრუნებელი მექანიზმი გამოიგონეს, რომელიც მისი ანალოგებისგან განსხვავებით არანაირ ენერგიას არ მოიხმარს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
“მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ელექტროენერგიის მოპოვებით გარემოს ეკოლოგიური დაბინძურება, შესაბამისად დიდი ყურადღება ექცევა მწვანე ენერგიის მოპოვების მეთოდების გაუმჯობესებას, მწვანე ენერგიაში ყველაზე მნიშვნელოვანია მზის ენერგიის გამოყენებaა, მზის ენერგიას კარგად გამოიმუშავებს პანელი, რომელსაც მზის სხივები 90-გრადუსიანი კუთხით ეცემა. არსებობს პანელის მოსაბრუნებელი მექანიზმები, სენსორები, რომელთა დახმარებითაც პანელი ზუსტად მიჰყვება მზეს, თუმცა ყველა მათგანი მოიხმარს ელექტროენერგიას. ჩვენ გამოვიგონეთ მზის პანელის მოსაბრუნებელი მექანიზმი, რომელიც ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე აბრუნებს პანელს მზის კვალდაკვალ ისე, რომ მზის სხივების დაცემის კუთხე ყოველთვის იყოს 90 გრადუსი.
ამ მექანიზმის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს
დაახლოებით, 1 წელი ვმუშაობდით. პროექტზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ბევრია ისეთი დეტალი, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება დამუშავება და დახვეწა”, – აცხადებენ გამოცემასთან საუბრისას პროექტის ავტორები.
ფოტო: “საბავშვო ინფო“