ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯება (ფოტო)

1172

ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხობში 2019 წელს უნდა დასრულდეს. 500 ათასი ლარი 2018 წლის სამუშოებზე დაიხარჯება, დანარჩენი კი მომდევნო წელს. წინადადებების მიღება 2 აგვისტოს იწყება და 7 აგვისტოს სრულდება.

პარკში საბჭოთა პერიოდის შემდეგ მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. მისი აღდგენამიწისქვეშა ახალი კომუნიკაციების, საბავშვო ატრაქციონების, ბილიკების, ჭადრაკის, კალათბურთის მოედნების, ველოსადგომის მოწყობას და სკამების, ბორდიურების განახლებას მოიცავს. პარკში სავარჯიშო ტრენაჟორები და ახალი ქანდაკებები: „ბეჭდები“, „გოგონები“ და „ჩემოდნები“ განთავსდება, ამასთან, დადგამენ მსოფლიოში გავრცელებული დიზაინის ფირნიშსაც, წარწერით „მე მიყვარს ხობი“.

ხობის მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ განაცხადა, რომ წელს დასახარჯი 500 ათასი ლარიდან 300 ათასი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დანარჩენს კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი გამოყოფს. მომდევნო წელს, ხარჯების 95%-ს ცენტრალური ხელისუფლება დაფარავს, 5%-ს კი მერია.

გაბედავას თქმით, მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ დიდია, რის გამოც მისი მოწყობა ეტაპობრივად განხორციელდება.