ჩვენ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს და მზად ვართ, რომ ეფექტური გადაწყვეტილებები მივიღოთ, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით, ეფექტური გადაწყვეტილებებია საჭირო. რიჟვაძის განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტებთან მხოლოდ კვალიფიციურ და კონსტრუქციულ ნაწილში ითანამშრომლებს.
“აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციას რეგიონის საკითხებზე ჰქონდა შენიშვნები. ჩვენ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს და მზად ვართ, ეფექტური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ვმართოთ პროცესები გრძელვადიან ჭრილში. გეტყვით, რომ პრიორიტეტები ეკონომიკას და სოფლის მეურნეობას ეხება, საჭიროა ეფექტური გადაწყვეტილებები. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და პოტენციალი. ჩვენ პოლიტიკურ სუბიექტებთან მხოლოდ კვალიფიციურ და კონსტრუქციულ ნაწილში ვითანამშრომლებთ”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ფაქტი აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის მოსმენის დაწყებამდე მოხდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს.