კასპის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად წელს 1 146 300 ლარით მეტი დაიხარჯება

913

კასპის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად წელს 1 146 300 ლარით მეტი დაიხარჯება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მიმდინარე წელს ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად 4 465 500 ლარია გათვალისწინებული. 9 მუნიციპალური ორგანიზაციიდან ყველაზე მეტი თანხა კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებას დაერიცხება. ამის შემდეგ, ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი ა(ა)იპ კეთილმოწობის სააგენტოა, რომელიც საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 3 იანვრიდან არსებობს. მანამდე არსებობდა შპს “კასპის კეთილმოწყობა”, თვითმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი აღნიშნულ ორგანიაციას სახელწოდებასთან ერთად, დაფინანსებაც შეეცვალა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე მცირე თანხა ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ერგო.

განსხვავებული სურათი იყო გასულ წელს, 2017 წელს ა(ა)იპ-ების რაოდენობა 8-ს შეადგენდა, მათ დასაფინანსებლად კი 3 319 200 ლარი იყო გამოყოფილი. ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი ა(ა)იპ მაშინაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაზე იყო გათვალისწინებული, თუმცა მაშინ ჯანდაცვის ორგანიზაციაზე მცირე დაფინანსება კასპის სპორტკომპექსს ჰქონდა.

კასპის მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, წელს გათვალისწინებულ თანხასთან შედარებით, გასულ წელს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისთვის 1 146 300 ლარით ნაკლები დაიხარჯა.

რაც შეეხება გასულ წლებს, კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014-2015 წლებში ხუთ-ხუთი, 2016-2017 წლებში კი შვიდ-შვიდი ა(ა)იპ ფინანსდებოდა. 2014 წელს, კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 18 028 800 ლარით განისაზღვრა, საიდანაც ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად 2 609 100 ლარი დაიხარჯა.

2015 წელს 15 765 800 ლარიანი ბიუჯეტიდან, ა(ა)იპ-ები 3 093 200 ლარით დაფინანსდა. 2016 წელს კასპის ბიუჯეტმა 15 739 900 ლარი შეადგინა, რა დროსაც ა(ა)იპ-ებისთვის 3 457 100 ლარი გამოიყო.
მოძიებული ინფორმაციებიდან ირკვევა, რომ მუნიციპალური ორგანიზაციების დასაფინანსებლად, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი თანხა მიმდინარე წელსაა გათვალისწინებული.