ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. სოფიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ხელი შეუწყოს ღია მმართველობას. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები კიდევ უფრო გაიზარდოს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაიზარდოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები“, – განაცხადა სოფიამ.
მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
„ჰუმანოიდი რობოტი სოფია (www.hansonrobotics.com/robot/sophia) Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაეროს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა“, – ნათქვამია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.
საქართველო 2017 წლიდან “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანაა.