საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეზოლუციაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ და გამჭვირვალე მმართველობას. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“პარტნიორობის მთავარი ღირებულება გამოცდილების გაზიარებაა, რაც დიდ დახმარებას გვიწევს გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში. გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა ვიმსჯელოთ არსებულ გამოწვევებზე. ღია მმართველობის ლიდერთა გაერთიანებით შესაძლებელი გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებების აღება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა ეს არის პირველ რიგში მოქალაქეებისთვის ხელშესახები ცვლილებების მიღების შესაძლებლობა, საქართველო, ისევე, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ქვეყნები, კვლავ დგას გამოწვევების წინაშე, ამიტომ სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზებთ რეზოლუციის მიღებას, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ და გამჭვირვალე მმართველობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ოთხი მთავარი მიზანი დაისახა – მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო სერვისების მიწოდებაში ინოვაციების დანერგვა და ღია მმართველობის პარტნიორობის, როგორც ინიციატივის გაძლიერება და განმტკიცება.
“მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანებისთვის. აქ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ უნიკალური კულტურა, რომელიც არის საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, მოუსმინოთ ჩვენს ფოლკლორს და გასინჯოთ ჩვენი ღვინო“, – მიმართა პრემიერმა სტუმრებს.