ოზურგეთის საკრებულომ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებაზე ანგარიში მოისმინა

334

6 ივლისს, ოზურგეთის საკრებულომ, მორიგ სხდომაზე,  ,,ღია მმართველობა საქართველოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში მოისმინა. მონიტორინგის შედეგები საკრებულოს წევრებს, აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ წარუდგინა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

“OGP-ის მიმდინარე ღია მმართველობა პარტნიორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ოზურგეთმა ვალდებულება აიღო და შეიმუშავა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, თანდართული კომპლექსური მონიტორინგის და შეფასების მეთოდოლოგიითურთ. ეს უკანასკნელი შემუშავდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, OGP სამდივნოს და USAID/GGI მხარდაჭერით,” – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ ეს ოზურგეთის  მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის სტანდარტების გაუმჯობესებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად. რომ ეს საკრებულოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა სრულყოფილი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით“.

ნანა თავდუმაძემ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა სტრატეგიის მნიშვნელობასა და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის კარგ პრაქტიკაზე:

„თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად მუშაობის მზაობამ შესაძლებლობა მოგვცა შემოგვეღო მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმი, რომელიც, სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის შეფასების ინსტრუმენტისა და ადრეული შედეგების შესახებ ანგარიშგების საშუალებით მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ინსტიტუციონალიზაციას ადგილობრივ დონეზე.“ – აღნიშნა ნანა თავდუმაძემ. მანვე მოკლე ინფორმაცია მიაწოდა საკრებულოს წევრებს OGP_Local- ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით მიმდინარე სამუშაო პროცესზე.

ანგარიშის თაობაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და მოიწონა საკრებულოს წევრმა ლავრენტი ბიგვავამ.

საკრებულომ ,,ღია მმართველობა საქართველოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში ცნობად მიიღო.

ოზურგეთის საკრებულომ მორიგ სხდომაზე, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა 6 საკითხი განიხილა.

საკრებულომ მიიღო დადგენილება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ. საკრებულოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტში უკვე არსებული გერბი და დროშა დამტკიცდა, რომელიც თემთა მუნიციპალიტეტში მოქმედებდა.

საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა განკარგულება 2021-2023 წლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა აღნიშნული პროექტი საჭიროებების კვლევისა და ანალიზის შედეგად შემუშავდა.

დამტკიცდა განკარგულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის გეგმის დამტკიცების შესახებაც. კომისიამ საკითხებზე დადებითი დასკვნები წარმოადგინა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით ქალაქ ოზურგეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსახელო სკვერს არსენ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.

მერს მიეცა თანხმობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციის ხაზობრივი ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.