წალენჯიხაში უძველესი ტაძრის გალავნის აღსადგენად 200 ათასი ლარი გამოიყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მეცამეტე საუკუნით დათარიღებული სქურის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის გალავნის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა. წალენჯიხაში ძეგლის რესტავრაცია მინაშენთან ერთად, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დასრულდა. ტენდერის მიზანი ტაძრის გალავანში ჩართული მარნისა და კარიბჭის კონსერვაცია და გალავნის რეკონსტრუქციაა.
დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათასი ლარია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩამოშლილია ტაძრის გალავანი, ჩრდილოეთი კედელი კი თითქმის სრულადაა დანგრეული.
წინადადებების მიღება 28 ივლისს იწყება და 2 აგვისტოს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.
სქურის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.