თუშეთისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსში ცალკე შეღავათებს ითხოვენ

681

ახმეტის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 70 სოფელი სარგებლობს. ახმეტის მერიაში განმარტავენ, რომ ეს სტატუსი მინიჭებული აქვს თუშეთის 52 სოფელს, პანკისის ხეობის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 15-მდე სოფელს და ილტოს ხეობის 3 სოფელს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, დავით აბულაძე აღნიშნავს, რომ ამ პროგრამის განხორციელება ხელს უწყობს სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებას.

თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს პროგრამა თუშეთზე არ არის მორგებული. ლადო კახოიძის თქმით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სტატუსს ვერ იღებს და მთავრობამ თუშეთისთვის ცალკე შეღავათები უნდა დააწესოს.

“თუშეთის სოფლებიდან ბევრი დაუსახლებელია და ამ სტატუსით მოსარგებლე პირთა რაოდენობა არის დაბალი. თუშეთში სეზონურად ცხოვრობს ხალხი. კანონის მიხედვით კი, პირმა რომ მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი, მინიმუმ 9 თვის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს სოფელში. თუშეთში კი ასეთი ადამიანი 30-40-ია. მოსახლეობა ფაქტობრივად ამ სტატუსით ვერ სარგებლობს, ამიტომ საჭიროა ცალკე რეგულაცია თუშეთისთვის. მაგალითად შეიძლება 9 თვის შემცირება 6-მდე’’, – თქვა ლადო კახოიძემ.