“ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, მაგნიტაფონს ორჯერ უკრავს” – კარდენახელები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

798

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. “ნუშებისა“ და „ტეტელოშვილების უბნის“ მცხოვრებლების თქმით, გზა ისეა დაზიანებული, ფეხით გავლაც კი შეუძლებელია. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

„ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, „მაგნიტაფონს“ ორჯერ უკრავს. აბა რა ვიცით, გვეშველება რამე?!“- ამბობენ ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლები.

კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები ივანე ხელაშვილი ამბობს, რომ საარჩევნოდ, ცენტრალური გზიდან ჩამოსასვლელი გააკეთეს მხოლოდ, რომლის სიგრძეც, მისი თქმით, 100 მეტრი იქნება. მცხოვრებლები ამბობენ, რომ როდესაც თოვლი მოვა მანქანები ცენტრალურ გზამდე საერთოდ ვეღარ ავლენ.
ადგილობრივი მკვიდრის მზია ბეროშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„რამდენჯერ შევიკრიბეთ, ვლაპარაკობთ, მაგრამ რა აზრი აქვს?! 35 წელია აქ ვცხოვრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც გზა გვეღირსა და არც არაფერი. ბავშვები სკოლაში წვალებით დადიან, თითო წყვილი ფეხსაცმელი ერთი კვირა არ ჰყოფნით. მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით, ხმები უნდათ რომ მიიღინ, ჩვენი ჯავრი კი არ აქვთ. ნორმალურად ჩაცმა და გავლა რომ გინდოდეს, ვერსად ვერ წახვალ, მტვერში და ტალახში ვიხრჩობით“, – ამბობს მზია ბეროშვილი.

ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლების მსგავსად გზის მოასფალტებას „ნუშების უბანშიც“ ითხოვენ: „გზა რომ არ გვაქვს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ვინ გააკეთებს?! სულ დახრამულია. ფეხითაც ჭირს გავლა, მაღაზიამდე ძლივს მივდივართ ხოლმე. მერი მოვიდა და შეგვპირდა დახმარებას, ველოდებით როდის შეასრულებენ დანაპირებს, სხვა რა გზა გვაქვს”, – ამბობს ლეო დოლენჯაშვილი.

გურჯაანის მერიაში ამბობენ, რომ 2018 წელს სოფელ კარდენახში 1 590 მეტრი გზა მოასფალტდება, რომელიც პროექტში ნაწილობრივ „ნუშების უბანსაც“ მოიცავს: “აქ 300 მეტრზე ბეტონის საფარი მოეწყობა. ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლენილია. დაახლოებით ორ კვირაში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. გრაფიკის მიხედვით, სამუშაოების საწარმოებლად კომპანიას სამთვიანი ვადა აქვს განსაზღვრული“, – თქვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

რაც შეეხება ტეტელოშვილების უბნის გზის რეაბილიტაციას, ეს საკითხი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. როდის გადაიჭრება აღნიშნულ უბანში გზის პრობლემა, მერიაში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ.