ცქიტიშვილი: საჯარო სამსახურში სწავლების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული ყველა წესი რეგიონებსაც უნდა მოერგოს

1115

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

დეპუტატ ნინო წილოსანის შეკითხვის პასუხად, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ რეგიონებში საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სამინისტროს გუნდი ინტენსიურად მუშაობს მუნიციპალიტეტებთან და დონორებთან.

„მოგეხსენებათ, რომ საჯარო სამსახურის კანონის შემუშავების პროცესშიც ვიყავი ჩართული და ყველა ის წესი და რეგულაცია, რომელიც საჯარო სამსახურზე ვრცელდება სწავლების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, უნდა იყოს ჩატანილი რეგიონებში. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკეთეს ვითარებაში ვართ, იმიტომ რომ ერთპროცენტიანი ბიუჯეტიც გვაქვს ადგილობრივ თვითმმართველობებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ახლა ვაკეთებთ: საჭიროებების შეფასება და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დადგენა, სტანდარტული მოდულების შემუშავება და დონორების კოორდინაცია, რომლებსაც აქვთ დახმარების სურვილი. მათი რესურსი გვინდა, რომ უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს თვითმმართველობის გასაძლიერებლად სამომავლო გეგმებიც გააცნო.ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ცვლილებები იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს მაშინდელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაია ცქიტიშვილი, ზურაბ ალავიძის ნაცვლად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობა წარადგინა, მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ხელახლა უნდა დაამტკიცოს.