ქუთაისში, გაპონოვის ქუჩა #1 შესახვევში, მდინარე რიონის ნაპირზე უკნანონო ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს. ნაგავსაყრელზე სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გროვა დგას. გარდა იმისა, რომ ნაგავი მდინარეში იყრება, იქ არსებული ანტისანიტარია საფრთხეს უქმნის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღს და მოსახლეობის მიერ რიონისპირას მოწყობილ ბოსტნებს. ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, ნაგავს ისინი არ ყრიან, რადგან დასუფთავების სამსახურის მანქანები მათთან ყოველკვირეულად დადიან, თუმცა მეორე ნაწილი ამბობს, რომ ნაგავს სწორედ მოსახლეობა ყრის.
გარემოსდაცვით ზედამხედვლობას უკანონო ნაგავსყარელის შესახებ გამოცემამ აცნობა, მანამდე ისინი ინფორმაციას არ ფლობდნენ.
“ადგილზე სამართალდამრღვევი არ დაფიქსირდა, შედგა შესაბამისი აქტი, იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა აიღეს კოორდინატები, რომელიც საქმის მასალებთან ერთდ ქუთაისის მერიაში გადაიგზავნება, შემდგომში პერიმეტრის დასუფთავების მიზნით,” – განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ “სპეციალური სერვისების” ინფორმაციით, გაპონოვის ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანა კვირაში ერთხელ დადის და გარდა ამისა, ცენტრალურ ქუჩაზე ნაგვის კონტეინერებიც დგას.