ზუგდიდში კიკვიძის ქუჩას, შესაძლოა, ძმები ჩიქავების სახელი ეწოდოს

761

ზუგდიდში, ვასილ კიკვიძის ქუჩისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპრაკება უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ გააკეთა. მისი სიტყვებით, მოქალაქეებს რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„მათ შორის არის გამორჩეული ზუგდიდელი მეცნიერების, ძმები ჩიქავების სახელწოდებაზე საუბარი. ესენი გახლავთ ლეო და იოსებ ჩიქავები, რომლებმაც მეცნიერული საქმიანობით ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანეს. ამაზე მიდის მოსახლეობასთან კონსულტაცია და ეს უახლოეს ხანებში გადაწყდება“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

მამუკა წოწერიამ შესაბამისი განმარტება ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ადგილობრივი ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის ლავრენტი ბერიას ქუჩის პარალელურად ზუგდიდში არის საბჭოთა ტოპონიმიკის მატარებელი რამდენიმე ქუჩა. მათ შორის დაასახელა სამხედრო პირის ვასილ კიკვიძის სახელობის ქუჩა, რომელმაც არჩილ თოდუას სიტყვებით, ათასობის მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვაში შეიტანა წვლილი. მანვე აღნიშნა, რომ თვითმმართველობას ვალდებულება აქვს შეცვალოს საბჭოთა ტოპონიმიკა.

„კი არის მაგალითად ბერიას ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი ქუჩის სახელწოდების შეცვლის წინააღმდეგი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით თქვენ, რომ წასულიყავით მათი სურვილის წინააღმდეგ, დანარჩენი ზუგდიდელები არ დარჩებოდნენ ასეთი აღშფოთებულები“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.