ქუთაისის მერი გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას პასუხობს

753

ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას პასუხობს, რომელშიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებული იმ თანამდებობის პირების შესახებ წერია, რომლებმაც ქონებრივი დეკლარაციები სრულყოფილად არ შეავსეს და ამასთან, თანამდებობისთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწევიან.

კვლევაში ასევე საუბარია ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარაის შესახებ. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

“ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მამის სახელზე არსებული საცხოვრებელი სახლი სოფელ ჭრებალოში დეკლარაციაში მითითებულია კანონის მოთხოვნის შესაბამისად.  დეკლარაციაში დაფიქსირებული საცხოვრებელი სახლი მიმაგრებულია მიწის ნაკვეთზე,  რომელიც წარმოადგენს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოს.

რაც შეეხება შპს “ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში” 33,3%-იანი წილის მფლობელობას,  აღნიშნულ უნივერსიტეტს ბოლო რამდენიმე წელია არანაირი აქტივი და ფულადი ბრუნვა არ გააჩნია.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის წილის მფლობელობას შპს ჯი.თი.ჯი გრუპ-ში აღნიშნულ შპს-ს ასევე რამდენიმე წელია არანაირი აქტივი, ფულადი ბრუნვა არ გააჩნია და გაუქმებულია.

ხოლო, სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი ყენიას საკითხს სოფელ ჩაისუბანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მას აღნიშნული ფართობი დეკლარაციაში ასევე სახლთან ერთად აქვს ფიქსირებული კანონის მოთხოვნის შესაბამისად”, – წერია მერიის განცხადებაში.

კვლევის თანახმად, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მამამისი ტარიელ ჭიღვარია შპს “ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში” 33,3%-იანი წილის მფლობელია. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ ტარიელ ჭიღვარიას სოფელ ჭრებალოში 474 კვ.მ. და 989 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აქვს. ტარიელ ჭიღვარიას სოფელ მაღლაკში აქვს ასევე ორი მიწის ნაკვეთი, ორივე 2500 კვ.მ. ფართობის, თუმცა გიორგი ჭიღვარიას დეკლარაციაში მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი აქვს მითითებული.