მზიურის პარკში მედიათეკა და საგამოფენო სივრცე მოეწყობა (ფოტო)

1901

საინიციატივო ჯგუფი მზიურის პარკში საბაგირო გზისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაციას და შენობაში მედიათეკისა და საგამოფენო სივრცის მოწყობას გეგმავს.

“მზიურის პარკის ერთ პატარა, მივიწყებულ ნაგებობაზე გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ. ამ შენობას, წლების წინ, თბილისის ერთი უბანი – მეორესთან საბაგირო გზით უნდა დაეკავშირებინა. თუმცა, უკვე დიდი ხანია, შენობამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და ნაგავსაყრელად გადაიქცა. დაკვირვებული თვალი მის განსაკუთრებულ არქიტექტურას ადვილად შეამჩნევს.

ჩვენი იდეაა, ამ ობიექტმა დემონტაჟის ნაცვლად მისი პირველადი, დამაკავშირებელი ფუნქცია დაიბრუნოს და ამჯერად ხელოვნებისა და ადამიანების გამაერთიანებელ სივრცედ იქცეს.

ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს: ნაგებობის ზედა ნაწილში კულტურისა და ხელოვნების მიმართულების მედიათეკის მოწყობას; კონცეპტუალური სამუშაო გარემოს შექმნას არტისტებისა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის; შენობის მიწისქვეშა სივრცის თანამედროვე და მინიმალისტურ საგამოფენო გალერეად მოწყობა, რომელიც ღია იქნება სახელოვნებო და შემოქმედებითი აქტივობებისათვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს კულტურული სივრცე დამატებით ფუნქციურ დატვირთვას მიანიჭებს მზიურის პარკს და თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის ახალ სავიზიტო ლოკაციად იქცევა.

ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აზრი და მზიურის გულშემატკივრების ჩართულობა, ვასაჯაროებთ პროექტის პირველ, დასრულებულ ნაწილს, რომელიც მოიცავს შენობის განვითარების ძირითად კონცეფციას და არქიტექტურულ 3D რენდერს”, – ნათქვამია “ახალი მზიურის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

3D ვიზუალიზაციის სრული ვერსიის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე. წარმოდგენილ პროექტზე მუშაობდნენ: ვასო მაჭარაძე, ანუკა ლომიძე, კოკა ვაშაკიძე და ანა გოგუაძე.