გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, დედაქალაქში 1 ავტომობილზე 4-5 საპარკინგე ადგილია საჭირო

895

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, დედაქალაქში 1 ავტომობილზე 4-5 საპარკინგე ადგილია საჭირო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ჯგუფის მოსაზრებით, აღნიშნული საპარკინგე ადგილები საჭიროა იყოს სახლთან, სამსახურთან, სავაჭრო ცენტრთან და არარეგულარული დანიშნულების ობიექტებთან (სამედიცინო ცენტრი, კულტურული ცენტრი, სახელმწიფო ორგანიზაცია და სხვ.)

ამასთან, როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, დედაქალაქში პარკირების საფასური ზონირების მიხედვით უნდა დაწესდეს და ცენტრში პარკირების საფასური გაცილებით ძვირი უნდა იყოს, ვიდრე ქალაქის გარეუბნებში.

„ასეთი სისტემა უცხოეთშია. ვფიქრობთ, თბილისის ცენტრში პარკირების საფასური გაცილებით ძვირი უნდა იყოს, ვიდრე ქალაქის პერიფერიებში. ასეთი ადგილები ზონირების მიხედვით უნდა განისაზღვროს, ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი. ცალკე დოკუმენტი უნდა შემუშავდეს ქალაქში პარკირების ორგანიზებისთვის. რამდენჯერ ძვირი უნდა იყოს ქალაქის ცენტრში პარკირება, რამდენის გადახდას შეძლებს მოსახლეობა, ამას კვლევა სჭირდება, გარკვეული სტრატეგიაა შესამუშავებელი. რამდენადაც ვიცი, მერია ამაზე მუშაობას უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყებს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

გარდა ამისა, გენგეგმის ავტორების მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნება „დაბალსიჩქარიანი ქუჩები“ ძველ თბილისში, რაც, მათივე აზრით, ხელს შეუწყობს და უფრო უსაფრთხოს გახდის საფეხმავლო და საველოსიპედო ქსელის განვითარებას.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმვა მერიამ 2018-2019 წლებში უნდა მოახდინოს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის (ძირითადი, მეორეული და მესამეული საავრობუსო ქსელი და მიკროავტობუსები) იერარქიის მიხედვით სამარშრუტო ქსელში როლის განსაზღვრას, მარშრუტების დადგენას, საჭირო მოცულობებისა და სიხშირეების განსაზღვრას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობების ერთმანეთში ინტეგრირებას გულისხმობს. ამავე პერიოდში, მერიამ ტრანსპორტის მოდელიც უნდა შეიმუშაოს, რაც გზათა ქსელის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს, ფუნქციური ზონირების რუკას, სამანქანო და მგზავრთნაკადების მონაცემებს მოიცავს. ტრანსპორტის განვითარების გეგმა კი, მერიამ 2019-2022 წლებში უნდა წარმოადგინოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, 5 ივლისს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.