მეტროს მემანქანეებთან დაკავშირებით, პროფკავშირებსა და მერიას შორის რიგ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია

800

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მეტროპოლიტენისა და ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში დასაქმებული ადამიანებისთვის შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ თბილისის მერიას, სატრანსპორტო კომპანიასა და საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. ამის შესახებ პროფკავშირების იურისტმა თამარ სურმავამ თქვა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეთანხმება იმ საკითხებზე, რაც დასაქმებულებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, უკვე მიღწეულია. საკითხების ნაწილს მხარეები დეკემბერ-იანვარში განიხილავენ.

“არის საკითხები, რომლებზეც საუბარია, რომ კოლექტიურ ხელშეკრულებაში გაიწერება. მაგალითად, წლის ბოლოს, დეკემბერ-იანვარში, გადაიხედება ავტობუსის მძღოლებისათვის ნამსახურები წლების მიხედვით დანამატების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები, რითაც ისინი ამჟამად ვერ სარგებლობენ”, – განაცხადა თამარ სურმავამ.

სურმავას თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც ასევე გადაიხედება, მეტროპოლიტენის თანამშრომლებისათვის გამოუყენებელი შესვენების საათების ანაზღაურებაა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტს 600 ათასი ლარის გამოყოფა მოუწევს. ამაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის თანახმადაც ღამის საათებში მუშაობისთვის თანამშრომლები ხელფასზე 30%-იან დანამტს მიიღებენ (დღეს 20%-იანი დანამატი აქვთ).

“დეკრეტში გასული თანამშრომელი მიიღებს სრულ ანაზღაურებას 6 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც ის იღებდა მხოლოდ 3 თვის ანაზღაურებას. ასევე იზრდება მე-4, მ-5 და მე-6 თანრიგებისათვის დანამატების ოდენობა.

დეკემბრიდან დაიწყება საუბარი იმაზე, რომ ის შესვენებები, რასაც მეტროს თანამშრომლები პრაქტიკულად ვერ იყენებენ, ნახევარი საათის ოდენობით, ანაზღაურდეს, რაც დამატებით 600 ათასი ლარის ბიუჯეტს მოითხოვს. ეს საკითხიც აუცილებლად გადაიხედება. ასევე, თბილისის მერის პირდაპირი დაპირებაა, რომ უახლოეს თვეებში თბილისის ავტოპარკი სრულად განახლდება და იქ დასაქმებული პირების ხელფასები გათანაბრდება”, – განაცხადა თამარ სურმავამ.

მეტროპოლიტენის მემანქანეებმა 4 ივნისიდან უვადო გაფიცვა დაიწყეს, რის გამოც 6 ივნისის 14:00 საათამდე ყველა მეტროსადგური დაკეტილი იყო .

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვდნენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.

4 ივნისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროა.