საგარეჯოს მერია: სოფელ კაკაბეთში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება

1164

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში წყალმომარაგების ახალი სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.

„კაკაბეთიდან დაახლოებით 12 კილომეტრის დაშორებით წლების წინ მოეწყო ჭაბურღილი, საიდანაც თვითდინებით მოდის სასმელი წყალი. სპეციალისტთა გათვლებით, წყლის დებეტი საკმაოდ ჭარბია და სრულებით დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებებს. ამავე ადგილზე წყალშემკრებიც შენდება. აქედან მილსადენით წყალი უნდა მიეწოდოს სათავე ნაგებობას, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. წყალშემკრების, მილსადენის და სათავე ნაგებობის მშენებლობა პროექტის პირველი ეტაპია და 2019 წლის იანვარში დასრულდება. პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, მიზნად ისახავს შიდა საუბნო დაქსელვას, ანუ კაკაბეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი, რაც მუნიციპალიტეტის მერიას საშუალებას მისცემს, მრავალი წლის მანძილზე გადაუჭრელი, უმწვავესი პრობლემა მოაგვაროს“, – განაცხადეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.