თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორები მერიას თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად განვითარებას სთავაზობენ. როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, დედაქალაქს ინტერნეტის, მზის და ქარის ენერგიების გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„ჭკვიანი ქალაქი, ე.წ. სმარტ ქალაქი გულისხმობს დედაქალაქში ინტერნეტის, ასევე, მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.
ინტერნეტი მეტ-ნაკლებად არის ქალაქში, მაგრამ „სმარტ ქალაქში“, როგორც წესი, ბევრი რამ წყდება ინტერნეტის გამოყენებით. მაღაზიები საერთო ქსელში უკავშირდებიან ერთმანეთს და მომხმარებელს აქვს გამარტივებული წვდომა პროდუქტზე, გამარტივებულად ხდება ვაჭრობა, რაც ჩვენთან არ არის.
გარდა ამისა, თბილისი არაფრის ენერგიას არ იყენებს, არც ქარის, არც მზის ენერგიას, რომელიც ასევე ეფექტურად შეიძლება გამოიყენოს, ამის პოტენციალი თბილისს აქვს, ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მერიამ სტრატეგია შეიმუშაოს“, – განაცხადა სალუქვაძემ.
თბილისის მერიას ჭკვიანი ქალაქის (ე.წ. სმარტ სითი) სტრატეგიის შესამუშავებლად 2020-2021 წლები აქვს განსაზღვრული, რითაც, გენგეგმის ავტორები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით მართვის სისტემის გაუმჯობესება და ურბანული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება მოხდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.
ამასთან, გუშინ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.