თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულებისთვის ჯერ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, თუმცა მათთან შეხვედრა იქნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც კახა კალაძემ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული კითხის პასუხად აღნიშნა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კონკრეტიკას არ ითვალისწინებს და იქ მხოლოდ ის წერია, რომ უნდა განისაზღვროს, თუ როგორ და რა ფორმით მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება.
მისი თქმით, მოვაჭრეებთან შეხვედრა გაიმართება და კონკრეტული გადაწყვეტილება შემდგომ მიიღება.
“ზოგიერთი სააგენტო ავრცელებს არასწორ ინტერპრეტაციას და არასწორ ინფორმაციას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. არავის მივცემთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის უფლებას და შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვაკეთებ განმარტებას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. ეს კერძო საკუთრებაა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი კერძო საკუთრებას კანონდარვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბედავს ამას. ჩვენ მეპატრონეებთან გვექნება შეხვედრა. აქ ორი მიმართულებაა: 1. თუ მოხდება ბაზრობის გადატანა, რა თქმა უნდა, მათი თანხმობა უნდა იყოს, რადგან ეს კერძო საკუთრებაა. ჩვენ მზად ვართ, გამოვყოთ ახალი ტერიტორია, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება, 2. იმ სიმახინჯეების მაგივრად, რაც დღეს არსებობს, შეიქმნას და აშენდეს ახალი თანამედროვე, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც ამ ადამიანებს შეეძლებათ იმ საქონლის გაყიდვა, რითაც დღეს ვაჭრობენ. არა ისე, როგორც დღესაა წარმოდგენლი. ეს პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს იქ მომუშავე ადამიანებისთვის, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად ქალაქისთვის. გენერალური გეგმა ვერ იტყოდა კონკრეტიკას, ის ზოგადი დოკუმენტია”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით წარმოდგენილია შემდეგი ეტაპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა, რომელიც გამოყოფილ ტერიტორიებზე “ჩარჩო გეგმების” დამუშავებას ითვალისწინებს.
“უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას. ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოიაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად. საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით“, – ნათქვამია ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ჩარჩო გეგმის პროექტში.
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, სწორედ “ჩარჩო გეგმით” უნდა განისაზღვროს ელიავას ბაზრობის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გადაწყდება თუ არა პარკის მოწყობა და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.
ამასთან, დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.