თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით წარმოდგენილია შემდეგი ეტაპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა, რომელიც გამოყოფილ ტერიტორიებზე “ჩარჩო გეგმების” დამუშავებას ითვალისწინებს.
“უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას. ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოიაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად. საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით“, – ნათქვამია ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ჩარჩო გეგმის პროექტში.
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, სწორედ “ჩარჩო გეგმით” უნდა განისაზღვროს ელიავას ბაზრობის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გადაწყდება თუ არა პარკის მოწყობა და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა და როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,თბილისის მერიამ გენგეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.
ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.