თბილისის გენგეგმით, დოკუმენტის ძირითად მოცემულობებთან შეუთავსებელი ტერიტორიები დასახელდა

711
გიორგი ისაკაძის ფოტო

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, დოკუმენტის ძირითად მოცემულობებთან შეუთავსებელი და სარევიზიო ტერიტორიების ჩამონათვალი განისაზღვრა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, შეუსაბამო ტერიტორიებია: გლდანის ტბის მიმდებარედ, აგრარული უნივერსიტეტის უკან, ვაშლიჯვარში და ჟვანიას ქუჩის ბოლოში არსებული ტერიტორიები.

რაც შეეხება სარევიზიო ტერიტორიებს, ესენია: ა) გლდანი-მუხიანი, ხევძმარის ხევში არსებული განვითარებები. სარევიზიოა პროექტით გათვალისწინებული კოლექტორის თავზე მშენებლობის საკითხი; ბ) დიდი დიღომი, რაგბის კომპლექსის მიმდებარედ, წოწორას ხევის მახლობლად; გ) მეტრო სარაჯიშვილის დასავლეთით, მაგისტრალის მიმდებარედ – სარევიზიოა პროექტით გათვალისწინებული ჭარბი ინტენსიობის საკითხი; დ) ლისის ტბის მიმდებარედ – სარევიზიოა პროექტების შესაბამისობა ტერიტორიაზე დასამუშავებელი ჩარჩო გეგმის მიზნებთან; ე) უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ჩრდილოეთით (შესასწავლია საცხოვრებელი ობიექტების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინსოლაციის და ბუნებრივი განათებულობის მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობა); ვ) თბილისის ზღვის მიმდებარედ (გადასახედია პროექტების მიმართება დაცვით და სანიტარულ არეალებთან, კერძოდ, შესაფასებელია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ ჰიგიენურ-სანიტარიულ ნორმებთან და მოქმედ გარემოსდაცვით შეზღუდვებთან); ზ) კოჯორი-შინდისის მიმდებარედ (სარევიზიოა პროექტებით გათვალისწინებული საინჟინრო და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები); თ) კრწანისის რაიონი (სარევიზიოა საპროექტო გადაწყვეტებით ტერიტორიაზე არსებული გეოდინამიკური საფრთხეების გათვალისწინების საკითხი); ი) ყოფილი მევენახეობის მიმდებარედ (გადაიხედოს „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის მიდგომებთან მიმართებით. გაანალიზდეს მდინარე დიღმის წყლის მიმდებარე ტერიტორიის რეკრეაციული ფუნქციით დატვირთვის შესაძლებლობა და საპროექტო სივრცის განაშენიანების ინტენსივობის ქალაქგეგმარებით წესებთან და ნორმებთან შესაბამისობის საკითხი). კ) ნადიკვარის ქუჩის მიმდებარედ (გადაიხედოს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით გათვალისწინებული განვითარებითი მიმართლებების შესაბამისობა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის მოთხოვნებთან).

აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულო და მერია უფლებამოსილნი არიან, მოახდინონ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით წარმოდგენილ შეუსაბამო ტერიტორიებზე მოქმედი არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების რევიზია, რათა ტერიტორიების შემდგომი განვითარება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულ ზონირებით და შინაარსობრივ მოცემულობებთან თავსებადობაში მოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა და როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,თბილისის მერიამ გენგეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.

ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.