ზუგდიდის ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების შესყიდვასა და მონტაჟზე ტენდერი გამოცხადდა, ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, პირველ ეტაპზე აბრები ქალაქის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე გამზირისა და ქუჩებისთვის დამზადდება. ესენია – ზვიად გამსახურდიას გამზირი, რუსთაველის, თავისუფლების და ბერიას ქუჩები.
„ეს ხელს შეუწყობს ქალაქში შემოსულ ვიზიტორთა გადაადგილებას. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა ქუჩების აბრების დამზადებაც“, – განმარტეს მერიაში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 754 ლარია. წინადადებების მიღება 9 ივლისს იწყება და 11 ივლისს დასრულდება.
აბრებზე წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს.