ბორჯომის სოფელ ციხისჯვარში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

826

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ. ეთნიკური ბერძნებით დასახლებულ სოფელში გზები ისეა დაზიანებული, რომ ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა პაციენტამდე ვერ მიდის. ინფორმაციას “ბორჯომის ტელევიზია” ავრცელებს.

ადგილობრივ მოსახლეობას ეშინია, რომ სოფელში სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში, გზის არარსებობის გამო, დახმარების მანქანას პაციენტამდე მისვლა დააგვიანდება.

ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ სოფელს მრავალი წლის განმავლობაში პირველად, სოფლამდე მისასვლელი გზა ექნება, ვინაიდან ბაკურიანი-ციხისჯვრის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, მერიაში ამბობენ, რომ ეს ეტაპიც მალე დაიწყება, თუმცა დასძენენ, რომ “თავისთავად სოფლის სრულ პერიმეტრზე გზები ერთდროულად ვერ დაიგება”.