კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. კახა კალაძის განცხადებით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება.
“უკვე ჩატარდა მიწისქვეშა სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული იყო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც სარეაბილიტაციო მონაკვეთში წყალგაყვანილობის ქსელის მოსაწესრიგებლად, ორი მილიონი ლარი დახარჯა. ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. მომავალ წელს კი, თავისი გზაგამყოფებით, მწვანე ნარგავებითა და განათების სისტემით კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სრულად მოწესრიგებას დავიწყებთ. აქ უკვე დაწყებულია ბორდიურის მოწყობა. უახლოეს დღეებში ასევე, მწვანე სივრცეების მოწყობას დავიწყებთ. ვფიქრობ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დედაქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა, ამ ეტაპზე კი, ბორდიურისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია, რაც ახალი ბორდიურის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე ორ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყალგაყვანილობისა და წყალარინების ქსელები შეიცვლება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 მარტს დაიწყო და სამ თვეში დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.