პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლები, შესაძლოა, ზუგდიდის მერიამ დააჯარიმოს

932

ზუგდიდში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ქალაქში არსებულ პარკირების სისტემასა და ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

შეხვედრაზე ნაციონალურმა მოძრაობამ გამოსავლის მათი ვერსია გააჟღერა – კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა, აუქციონის თავიდან გამოცხადება, რომელშიც მონაწილეობის მიღება სხვა კომპანიებსაც თანაბარ პირობებში შეეძლებათ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიამ აღნიშნა, რომ როგორც კომპანიის, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რაც დღეს ხდება. მისი თქმით, თუ ხელშეკრულებაში იურიდიული შინაარსის დარღვევები არსებობს, „თაუნ პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხი უნდა განიხილონ, თუ კი ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ეს ბიზნესია და მას „ვერ დაარტყამენ“.

საკრებულოს თავმჯდომარე დაეთანხმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოთქმული შენიშვნების უმრავლესობას, მათ შორის სატარიფო სისტემას და გადახდის გაუმართავ მექანიზმებს. მამუკა წოწერიას თქმით, უახლოეს პერიოდში ისინი დაიწყებენ მუშაობას პარკირების ახალ წესზე, სადაც გამოთქმული შენიშვნები აისახება. მათ შორის გადაიხედება ხელშეკრულებაც.

მამუკა წოწერიამ თქვა, რომ აგვისტოდან ამოქმედდება ცვლილებები კანონმდებლობაში, რის შედეგადაც ბათუმის და თბილისის შემდეგ, საჯარიმო სანქციების დაწესების უფლება ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებასაც ექნება.

„თაუნ პარკს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმართ ერთი კვარტლის დავალიანება რჩება, 55 ათასი ლარის ოდენობის. შპს „თაუნ პარკმა“ ბიუჯეტში თანხა მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა. სულ კომპანიამ დავალიანება ოთხჯერ – იანვარსა და თებერვალში გადაიხადა, რაც ჯამში 107 669 ლარს უდრის. ხელშეკრულების თანახმად კი, რომელიც მერიასა და “თაუნ პარკს” შორის გასული წლის სექტემბერში დაიდო, კომპანიას წლის განმავლობაში 203 000 ლარი კვარტალურად უნდა გადაეხადა. მას თანხის დასაფარად ვადა თვის ბოლომდე განესაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიასა და მერიას შორის დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს.

„ჩვენ ვაძლევთ კომპანიას გონივრულ ვადას თანხის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს ავამოქმედებთ. იმ შემთხვევაში, თუკი ათთვიან ვადაში, რომელიც სექტემბერში იწურება, “თაუნ პარკი“ ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს, მერია ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხსაც განიხილავს “, – აღნიშნა წოწერიამ.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი ბაბუში ყუფუნია ამბობს, რომ „თაუნ პარკი“ ბიუჯეტში ფულს შეიტანს.

რამდენიმე დღის წინ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამოქვეყნა კვლევა, რომელშიც წერს, რომ ზუგდიდში პარკირების სისტემა კორუფციულ ნიშნებს შეიცავს.