ახალციხის საკრებულო ქალაქ ვალეში მდებარე ნაკვეთს აუქციონზე ყიდის

760

ახალციხის საკრებულომ გადაწყვეტილება 100 კვ.მ. მიწის გასხვისებაზე 25 ივნისის სხდომაზე მიიღო. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი ფასი აუქციონზე 2 500 ლარი იქნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„მერიაში განცხადებით შემოვიდა „მაგთიკომი“, რომელმაც მოითხოვა მიწის ნაკვეთი. აქ არ იდგმება ანძა, არამედ სპეციალური აპარატურა, რათა უკეთესი მომსახურეობა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა,“– ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

100 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო ნაკვეთი, რომელსაც ღია აუქციონზე გაიტანენ, ქალაქ ვალეში ვაჭა–ფშაველას ქუჩაზე, სამედიცინო ცენტრთან მდებარეობს.

აუქციონის საწყისი თანხა 2 500 ლარია. აუქციონი, საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ელექტრონულად გაიმართება.