ასპინძის სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის

660

ასპინძის სოფელ საროში დაბინძურებულ სასმელ წყალზე ჩივიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი მოძველებული, გასაწმენდი სათავენაგებობაა. ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფელ საროს მკვიდრების თქმით, უკვე სამ თვეზე მეტია, წვიმის შემდეგ ტალახიანი წყალი მოდის.

„სულ ტალახი მოდის, იმას სარეცხისთვისაც ვერ ვიყენებთ. ჭურჭელს ვავსებთ, მერე ველოდებით ცოტა როდის დიაწმინდება და ვსვამთ, სხვა გზა არაა“, – ამბობს საროში მცხოვრები ელისო ნადირაძე.

ადგილობრივების თქმით, წყლის დაბინძურების მიზეზი ღია სათავენაგებობაა: „მტვერი, ტალახი, ფოთლები, ყველაფერი შიგ ჩადის და კარგი ფილტრებიც არ აქვს, რომ დაწმინდოს. სათავესაც არავინ წმენდს, რომ შედარებით სუფთა წყალი წამოვიდეს”.

საროს ისევე, როგორც ასპინძის სხვა სოფლების სასმელი წყლის სიტემები და სათავენაგებობები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. როგორც თვითმმართველობაში ამბობენ, საროში სათავე ნაგებობა 20 წლის წინ მოეწყო, მოძველებულია და ამიტომ ხშირად ზიანდება: „ამ სათავეს ძირითადად ადგილბორივები უვლიან, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ჩვენც გავწმინდეთ და მაინც დაბინძურებული წყალი მოდის“.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში საროში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის თანხა გაწერილი არაა. თვითმმართველობაში ვერც იმაზე საუბრობენ, დაიგეგმება თუ არა მომავალ წელს სოფელში ამ პრობლემის გადაჭრა.