ბათუმის ავტოტრანსპორტი მუშაობის ახალ სისტემაზე გადავიდა. მგზავრებისთვის უკონტაქტო პლასტიკური ბარათების გამოყენება აუცილებელი ხდება, უახლოეს მომავალში კი ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ბილეთს ნაღდ ფულზე საერთოდ ვეღარ შეიძენთ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდება. მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდუქტორები არ არიან, მძღოლებს კი ბილეთის გაყიდვის უფლება არ აქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის ავტობუსებში მაკონტროლებელმა უბილეთო მგზავრი აღმოაჩინა, დააჯარიმებს. მგზავრს კი დარღვევისთვის 5 ლარის გადახდა მოუწევს. ბათუმის ავტობუსებში ერთი სამგზავრო ბილეთი 40 თეთრი ღირს, პლასტიკური ბარათით კი 10 თეთრით ნაკლები.
“ამ ეტაპზე 4 სამარშუტო ხაზზე მოძრავ ავტობუსებში კონდუქტორები არ არიან, სხვა ავტობუსში შეძენილი ბილეთის გამოყენება, ჯერჯერობით, შესაძლებელია. გადავედით უკონტაქტო პლასტიკური ბარათების გამოყენების სერვისზე. ‘’ბათუმი ქარდის’’ შეძენა შესაძლებელი იყო გორგასალის 55 ნომერში მდებარე ‘’საქართველოს ბანკის’’ სერვისს ცენტრში. მალე კი ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება’’ – აცხადებს ბათუმის ”ავტოტრანსპორტის” მარკეტინგის სამსახურის უფროსი ბესიკ დათიაშვილი.
ორგანიზაციაში ახალ პროექტზე მუშაობენ, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ბათუმში 30 სხვადასხვა ადგილას გადახდის აპარატები დაიდგმება, სადაც მოქალაქეები სამგზავრო პლასტიკურ ბარათებს შეიძენენ. ჯერჯერობით, ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის მომსახურების მისაღებად მხოლოდ ერთი ადგილი არსებობს.
“ეს ბარათი არ იქნება ერთჯერადი გამოყენების, მოქალაქეს შეეძლება თანხა ნებისმიერ დროს, პროცენტის და დანამატის გარეშე დარიცხოს. ინფორმაცია ადგილების შესახებ ყველა ავტობუსში გამოიკვრება, ასევე გაჩერებებზეც. ისეთი ადგილები შევარჩიეთ, სადაც ბევრი მგზავრია, სადაც მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოსახლეობა და ტურისტები იყრიან თავს’’.
მძღოლები ამბობენ, რომ მუნიციპალურ ავტობუსში უცხოელი ტურისტები ბილეთის შეძენას ხშირად ითხოვენ. იხსენებენ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ბილეთის არქონის გამო მოქალაქეები დააჯარიმეს.
“ტურისტები რომ ამოდიან, ბილეთს კი ითხოვენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვაძლევთ. კითხულობენ, რატომ არ გვაქვს. ბევრი ჩასულა კიდეც ავტობუსიდან. ბილეთი რომ არ აქვთ, ეშინიათ არ დააჯარიმონ’’, – ყვება ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი.
მგზავრებს საშუალება აქვთ საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი ნებისმიერ მუნიციპალურ ავტობუსში გამოიყენონ. მუშაობის აღნიშნული სქემა ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგაც შენარჩუნდება.