გონიო -კვარიათის მოსახლეობა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და გაჩერებების მოწესრიგებას სთხოვს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოს სახელით მოგმართავთ ქალაქ ბათუმში, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეები. მიმართვის საფუძველი ის ინფრასტრუქტურული საჭიროებებია, რაც ამჟამად ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში დგას, კერძოდ კი, გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსახლეობის თქმით, გონიო-კვარიათი მზარდი ტურისტული მოზიდვის მქონე დასახლებაა, რომელსაც გაცილებით მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს.
მათივე განცხადებით, მწვავედ დგას საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა, რის გამოც მერს სთხოვენ, სანაპიროებისკენ მიმავალ გზაზე ბიოსაპირფარეშოები განათავსოს.
ამასთან, მერს მიმართავენ თხოვნით, რომ საფუძვლიანად დაასუფთავონ გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია, ვინაიდან, მათი განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ანტისანიტარია ცუდად მოქმედებს ტურისტულ იმიჯზე.
ასევე, განცხადებაში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, მერიამ მოაწესრიგოს გაჩერებები და დაამონტაჟონ ტაბლოიდები ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა ტურისტებმა შეძლონ კომფორტულად გადაადგილება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების ინიციატივით, ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს გონიო-კვარიათის მცხოვრებმა 75 მოქალაქემ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოები ამ ეტაპზე შექმნილია აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში. საბჭოების მიზანია პრობლემური საკითხების ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან.