კასპის სოფელ ქვემო ჭალაში წყლის ახალი სისტემა დაზიანდა

762

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ორ ადგილას, სასმელი წყლის მილებიდან წყალმა ამოხეთქა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს.

ინფორმაციას ადასტურებს კასპის ,,სოფლის წყალის” დირექტორი, რომლის განცხადებით, დაზიანებული კერების აღდგენა დროულად მოხდება.

,,ჩემი ინფორმაციით, გადაბმის ადგილებია დაზიანებული, წნევამ ვერ გაუძლო და ამოხეთქა წყალმა,” – აღნიშნავს ,,სოფლის წყალის” დირექტორი. აღნიშნული კომპანია მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

კასპის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი ამბობს, რომ საქმე გვაქვს არა თუ ჩვეულებრივ, არამედ ,,არაჩვეულებრივ” მოვლენასთან, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული.

,,მე ჯერ არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ შესაძლოა რაღაც დაზიანდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა” – აცხადებს ზაზა მარიდაშვილი.

კითხვაზე, თუ რატომ თვლის 2017 წლის ნოემბერში დამთავრებულ ქსელის დაზიანების ფაქტს ,,ჩვეულებრივ” მოვლენად, პასუხობს: ,,კი ბატონო, არა ჩვეულებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე,”

კასპის ,,სოფლის წყალის” დირექტორის, ზურაბ ბახტაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის 40 სოფელში ანალოგიური მოვლენაა:

,,სადაც ძველი მილებია, სულ ასეთი პრობლემებია. მაგრამ, იქ, სადაც გაკეთდა, არც ისინია კარგად გაკეთებული. ჩემი აზრით, შეცდომები დაშვებულია პროექტირების დროს. წნევას როდესაც ვერ უძლებს მილი, ამ შემთხვევაში, პროექტირების დროს უნდა გათვალისწინებულიყო მომავალი საფრთხე” – აღნიშნავს ზურაბ ბახტაძე.

კასპის ვიცე-მერის თქმით, დაზიანებულ კერებს ქვემო ჭალაში ის კომპანია აღმოფხვრის, რომელმაც სამუშაოები გასულ წელს შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს წყალსადენის მაგისტრალის ქსელების და სათავე ნაგებობის სრულ რეაბილიტაციისთვის 876 505 ლარი დაიხარჯა.