ქუთაისის მერიამ მაისში, სახელფასო დანამატის სახით, 14 131 ლარი გასცა. დანამატი 425 ლარის სახით, საჯარო მოხელეთაგან მხოლოდ სამხედრო სამსახურის უფროსმა ვალერი ყენიამ მიიღო. 12 956 ლარი გაიცა სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომელზე, 750 ლარი შტატგარეშე თანამშრომლებმა მიიღეს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
გამოცემის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიუხედავად, მერიამ არ უპასუხა დანამატების გაცემის მიზნობრიობაზე შეკითხვას, თუ რისთვის აიღეს ამ თანამშრომლებმა თანხა.
“ნიუპრესის” ცნობით, გიორგი ჭიღვარიას მერობის შემდეგ, შვიდი თვის განმავლობაში, ქუთაისის მერიაში პრემია-დანამატი სამჯერ გაიცა,ჯამში 92 218 ლარის ოდენობით.
პირველად ახალი წლის დღესასწაულზე 54 937 ლარი გაიცა, მეორედ კი აპრილში – 23 150 ლარი.