რუსთავს ჩინეთის ქალაქ შაოგუანის დელეგაცია სტუმრობს

1335

რუსთავს ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის ხუთკაციანი დელეგაცია სტუმრობს. ქალაქ რუსთავსა და ჩინეთის ქალაქ შაოგუანს შორის დღეს დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და შაოგუანის ვიცე-მერმა ჩენ ლიმ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ შაოგუანთან დამეგობრების განზრახვის დოკუმენტზე ხელმოწერა. რუსთავს დამეგობრებული ჰყავს ევროპის ქვეყნების ქალაქები და ჩინეთთან ჯერ მსგავსი ურთიერთობა არ გვქონია. შაოგუანი სტრატეგიულად და ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ განვითარებულია, მათ განზრახული აქვთ კონკრეტული ინვესტიციების განხორციელება რუსთავში. ჩვენ როგორც სამრეწველო ქალაქს შეგვიძლია კონკრეტული ბიზნესწინადადებები შევთავაზოთ შაოგუანის ხელისუფლებას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი დამეგობრება რუსთავის ეკონომიკურ განვითარებას დადებითად წაადგება”, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

შაოგუანის მუნიციპქალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს, ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას.

მემორანდუმი მიზნად ისახავს რუსთავსა და შაოგუანს შორის კულტურისა და ისტორიის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ამასთან ერთად, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხებში საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებასა და ურთიერთობების გაფართოებას. ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრები, მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, რუსთავში არსებულ წარმოება-დაწესებულებებს, მათ შორის, მეტალურგიულ ქარხანასაც დაათვალიერებენ, ასევე ეწვევიან რუსთავის სკაუტების ცენტრს, ქალაქის ისტორიულ მუზეუმსა და ცენტრალურ პარკს.

წყარო: ინტერპრესნიუსი