კომპანია, რომლის 20%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეა, ნიუ პორტის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობის მესაკუთრე გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “გუდლაინმა” ნაგებობა 2018 წლის 26 მარტს შეიძინა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ დაადასტურა, რომ ობიექტი ნამდვილად მისმა მეუღლემ შეიძინა. ნიკოლოზ ლატარიას ინფორმაციით, შენობას შეუნარჩუნდება ფასადი და მასში სასტუმრო განთავსდება.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტის შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, გამომდინარე იქედან, რომ ეს ნაგებობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე,” – განგვიმარტა ნიკოლოზ ლატარიამ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნიკოლოზ ლატარიას მეუღლე, ხატია სირბილაძე, შპს “გუდლაინის” გარდა, კიდევ რამდენიმე კომპანიის თანამფლობელია. ის შპს “ნიკოილში” 70%, ხოლო შპს “ოპტიმა+”-ში 50%-იან წილს ფლობს.
ქუთაისში, ნიუ პორტის ქუჩაზე არსებული ყოფილი კომკავშირის ქალაქკომის შენობას ბოლო 20 წლის მანძილზე რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მისი ბოლო მესაკუთრე შპს “ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯია” იყო. კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენი უსტინოვი გახლდათ, რომელმაც საჯარო რეესტრის სააგენტოს შენობის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 23 მარტს მიმართა.
შენობას, რომელიც შპს “გუდლაინმა” შეიძინა, ქუთაისში ე.წ. ქაჯაიას შენობით იცნობენ. ნაგებობა ამჟამად მწყობრიდანაა გამოსული, რის გამოც ფასადიდან ბათქაში და აგურები ცვივა.