თელავის მერიამ დამატებით 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

645

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განაცხადა, აღნიშნულ პოზიციებზე საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას. ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსანტებს სავალდებულოა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

„თელავის მერიაში ვაკანტურია მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, სოფელ იყალთოსა და რუისპირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, ინსპექტირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსის და აუდიტის განყოფილების უფროსის პოზიციები.

რაც შეეხება გამოცდილებას, განყოფილების უფროსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების თანამდებობაზე აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უფროს სპეცილისტის პოზიციაზე საკმარისია 1 წლიანი გამოცდილება, ხოლო უმცროს სპეციალიტს კი სამუშაო გამოცდილება არ მოეთხოვება“, – განაცხადა ნინო აფციაურმა.

თანამდებობრივი სარგო 700-დან 1200 ლარამდე მერყეობს. განაცხადების მიღება 22 ივნისს დასრულდება.