გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად, 3 წლის განმავლობაში 250 000 დოლარს დახარჯავს.
“ვფიქრობთ, რომ ეს ტექნიკური დახმარება, რომელსაც ვიღებთ გლობალური კონსერვაციის ფონდისგან, დიდი შენაძენია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და რეინჯერებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, უკეთ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.
თანამშრომლობის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფა.
„ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს პარკის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების უკეთ დაცვასა და ეფექტურ მართვას“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და ფონდის ხელმძღვანელმა ჯეფ მორგანმა.