ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის დასრულდების ვადა შეიცვალა

2120

წინა სტატია

ქუთაისის 24-საათიანი  წყალმომარაგების სამუშაოები 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დამატებითი სამუშაოების გამო, ვადები შეიცვალა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ტექნიკურ საკითხებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილის ზაზა სიხარულიძის განცხადებით, გარდა პროექტით გაწერილი სამუშაოებისა, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები, რაც იმ უბნებსაც მოიცავს, რომლებიც სამუშაოების მეორე ეტაპში არ შედიოდა.

„ძირითადი სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება.  რჩება დამატებითი უბნები, რამდენიმე დასახლების წყალმომარაგება, პროექტმა ცვლილებები განიცადა და დამატებითი სამუშაოები, სავარაუდოდ,  2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არის კონსულტაციები პარტნიორ კომპანიებთან და მიმდინარეობს ხელშეკრულების შეთანხმება, რომ მომავალ წელს დავასრულოთ“, -განაცხადა ზაზა სიხარულიძემ. მისი თქმით, დამატებითი სამუშაოები პროექტის დანაზოგით ხდება და ახალ ფინანსურ ხარჯებს არ ითვალისწინებს.

მისივე განმარტებით, ქუთაისში წყალმომარაგების სამუშაოების მხრივ ნამდვილად იყო პრობლემები, თუმცა ირწმუნება, რომ პრობლემები მოგვარდა და სამუშაოები აღარ შეფერხდება.

ქუთაისის 24 -საათიანი წყალმომარაგების პროექტი 2009 წელს დაიწყო. 2015 წელს, მაშინ, როცა 2012 წლის დაპირების თანახმად, სამუშაოები 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების ახალი თარიღი დაასახელა – 2016 წელი. თუმცა მალევე ვადამ 2018 წლამდე გადაიწია.