ასპინძაში, სოფელ რუსთავში მთავარ სათავენაგებობაზე წყლის დაშრობის შემდეგ, სოფელში კიდევ ერთი წყარო დაშრა. მომხდარს ადგილობრივები ამჯერადაც „მტკვარი ჰესზე“ მიმდინარე სამუშაოებს აბრალებენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
წყარო რომელიც დაშრა, სოფლის განაპირას მცხოვრები სამი ოჯახი სარგებლობდა, თუმცა იმის გამო, რომ სოფელში მეორე წელია მთავარ სათავე ნაგებობაზე წყალი საერთოდ აღარაა, ამ წყაროდან წყალი სხვა ადგილობრივებსაც მიჰქონდათ. რუსთავში ამბობენ, რომ წყალი ამჯერადაც „მტკვარი ჰესის“ გვირაბის მშენებლობის გამო დაშრა.
კატეგორიულად უარყოფენ ადგილობრივების პოზიციას „მტვარი ჰესის“ ადმინისტრაციაში: „ბოლო ექვსი თვეა ტექნიკური ხარვეზების გამო გვირაბის გათხრა შეჩერებულია, ამიტომ წყლების დაწყვეტაზე ვერ იმოქმედებდა. თქვენგან მესმის, რომ რუსთავში წყარო დაშრა. ჩვენ რა შუაში ვართ ვერ ვხვდები, არანაირი სამუშაოებია ახლა აქ არ მიმდინარეობს. ზაფხულია და წყალი ალბათ მაგიტომ დაშრა“, – ამბობენ კომპანიაში.
სოფელ რუსთავში 150–მდე კომლი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის სასმელად ტყიდან ჩამომდინარე წყლით სარგებლობს. უკვე ერთი წელია, რუსთავში 155 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფელს სასმელი წყლის მიწოდება გასული წლის მაისში შეუწყდა.