თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში მცხოვრებ 40 ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლის დაცლა უწევს

934

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში მცხოვრებ 40 ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლის დაცლა უწევს. ეკომიგრანტები წლებია საქართველოდან წასული ბერძნების კუთვნილ სახლებში ცხოვრობენ, თუმცა ახლა საცხოვრებელი სახლების მეპატრონეები მათ ფართის დაცლას სთხოვენ.

„10 წლის წინ აჭარიდან იძულებით ჩამოვსახლდი ჯიგრაშენში, მეუღლეც აქ შევირთე და შვილებიც აქ გამიჩნდა. ათი წლის წინ ამ სახლის მეპატრონემ მითხრა, სახლს მიხედე, სასაფლაოებს მიხედე და იცხოვრე რამდენ ხანსაც მოგინდებაო. ახლა შემომითვალა ან 28 ათასი ლარი გადაიხადე ან სახლი დაცალეო. ავდექი და სიმამრთან გადავედი საცხოვრებლად, თუმცა ახლა უკვე მასაც მოსთხოვეს სახლის დაცლა“, – აცხადებს ჯიგრაშენის მცხოვრები ტარიელ გუნდაძე.

როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ირაგის ადმინისტრაციულ ერთეულში ამირან მარგველანი განმარტავს, მსგავს მდგომარეობაშია სოფელში მცხოვრები 40-მდე ოჯახი.

“2013 წელს, როდესაც დავინიშნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლად, სოფელში აღვწერე ყველა ოჯახი და ყველას მონაცემი გადავუგზავნე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. 71 ოჯახიდან – სვანების 16 და აჭარლების 4 ოჯახს შეუძინეს სახლები. დანარჩენებს მხოლოდ ქულები მიანიჭეს და ფართით დაკმაყოფილება როდის მოუწევთ, არავინ იცის. ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ უძლურები ვართ”, – აცხადებს ამირან მარგველანი.

სოფელ ჯიგრაშენში მხოლოდ ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი