“აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი”, “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რაოდენობრივ კვლევას – “ახალგაზრდების ღირებულებები და მათი დამოკიდებულება ადგილობრივ თემში მონაწილეობის მიმართ” ჩაატარებს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, კვლევა კომპლექსური ხასიათის იქნება, მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებსა და მისწრაფებებს, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის გარშემო არსებულ საკითხებს.
“რაოდენობრივი კვლევა ჩატარდება 2018 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში, ჯამში დაგეგმილია 325 პირისპირ ინტერვიუს ჩატარება, სტრუქტუირებული კითხვარის საშუალებით. ინსტრუმენტმა უკვე გაიარა წინასწარი პილოტირება. კვლევის უმთავრეს ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის (18-29) დამოკიდებულების განსაზღვრა თემში ჩართულობის, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობისა და მონაწილეობითი დემოკრატიის მხრივ. ასევე, კვლევის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა, დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განათლება, დასაქმება, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკა, იდენტობა, რელიგია და სხვა მომიჯნავე საკითხები”, – აცხადებენ “აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრში”.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევის პირველ ეტაპზე, მოხდა მოსახლეობის სტრატიფიკაციული შერჩევა მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული ქალაქის, დაბისა და სოფლების მიხედვით, ხოლო მეორე ეტაპზე თითოეულ სტრატაში განისაზღვრა საარჩევნო უბნების (PSU) რაოდენობის განსაზღვრა; განისაზღვრა შიდა მოსაკითხი რესპონდენტების რიცხვი 5 რესპონდენტით (სულ 65 საარჩევნო უბანი).
“გამოყენებული სტრატიფიცირებული შერჩევა ამცირებს კვლევის შერჩევის ცდომილებას. სტრატა წარმოადგენს მეტ-ნაკლებად ერთგვაროვან გარემოს. შერჩევის ცდომილება დამოკიდებულია არა მარტო გამოკითხული ანკეტების რიცხვზე, არამედ რესპონდენტების შესასწავლი საკითხისადმი დამოკიდებულების ერთგვაროვნებაზეც. ამიტომ, თუ დავიცავთ სტრატების მიხედვით პროპორციებს, ამით შერჩევითი ერთობლიობა ხდება გენერალური ერთობლიობის წარმომადგენლობითი და, ამავე დროს, უზრუნველყოფს შერჩევის ცდომილების შემცირებას”, – ამბობენ “აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრში”.
ორგანიზაციის თქმით, მოსალოდნელი მაქსიმალური ცდომილება 2.8% იქნება, კვლევის პირველადი შედეგები კი ცნობილი 2018 წლის აგვისტოს ბოლოს გახდება.
კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე