ზაზა გაბუნია: ადგილობრივ თვითმმართველობაში ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოს

1213

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობში ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ამბობს, რომ სამოქმედო გეგმამ უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობის სისტემის დამკვიდრებას. ამის შესახებ “კახეთის ხმა” წერს.

“დოკუმენტის მთავარი მიზანია, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული”, – ამბობს ზაზა გაბუნია.

ექსპერტები თვითმმართველობის საკითხებში მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი სტაბილური შემოსავლები.

“ცენტრალური ხელისუფლების როლი ამ შემთხვევაში უნდა იყოს დამხმარე კონსულტაციების დონეზე და რაც მთავარია თვითმმართველი ერთეულები არ უნდა იყვნენ დაქვემდებარების ქვეშ. 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მთავარი შედეგი უნდა იყოს თვითმმართველობების მაქსიმალური დამოუკიდებლობა“, – აცხადებს კოტე კანდელაკი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოცემასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა კომპლექსურად უნდა განხორციელდეს.
“წლის ბოლომდე დეცენტრალიზაციის ერთიანი დოკუმენტი დამტკიცდება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისად თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება“, – განმარტავს კობახიძე.