ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა გაასაჯაროვა

731

წინა სტატია

სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა ქუთაისის მერიამ გაასაჯაროვა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დაუცველია უსაფრთხოება, არასრულყოფილი დოკუმენტაცია, შეუსაბამო პროექტი და ცხოვრებისთვის საშიში პირობებია.

“ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც ადრე კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტს წარმოადგენდა, საცხოვრებლის პირობებს არ აკმაყოფილებს. შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცელია“- აღნიშნულია დასკვნაში.

ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ისაუბრა.

„ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა ქუთაისში სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. ჩვენ დღეს ამ დასკვნას ვასაჯაროვებთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც იცით დასკვნა უკვე გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში და ველოდებით შედეგებს. სოციალურ საცხოვრისში არსებული პირობებით პრობლემების წარმოქმნისთანავე დავინტერესდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია ექსპერტიზა, რომელიც ზუსტ დასკვნას დადებდა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ადგილზე ძალიან ბევრი დარღვევა და ხარვეზი გამოიკვეთა რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება უკვე მოვთხოვეთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანია ,,სანოს”.
ჩემი და ჩემი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო რომ აღნიშნულ საქმეზე მომხდარიყო ზუსტი დასკვნების დადება, რათა გვემოქმედა შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრისში ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2 აპრილს საცხოვრისშში ჭერი ჩაინგრა. ასეთი ფაქტი სოციალურ საცხოვრისში აპრილის შემდეგაც დაფიქსრიდა, ბოლო შემთხვევა კი 6 ივნისს იყო.  7 ივნისს კი საცხოვრისის მცხოვრებლებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს, მათ მერის მოადგილე შეხვდა.