მარნეულში ულაშლოელების მიერ საკუთარი ხარჯებით გაკეთებული გზა გაზის კომპანიამ დააზიანა და აღარ დააგო

1105
მარნულში, ულაშლოელების მიერ საკუთარი ხარჯებით გაკეთებული გზა გაზის კომპანიამ დააზიანა და შემდეგ აღარ დააგო.
სტატია მომზადებულია რადიო მარნეულის მიერ.

სოფელ ულაშლოს მაცხოვრებლები თავისუფალ დროს სოფლის ცენტრში მდებარე ჩაიხანაში დომინოს ან ნარდის თამაშში ატარებენ. სოფლის შესასვლელიდან ბოლომდე წვიმის შემდგეგ ატალახებულ გზებზე მოსიარულე ავტომობილებსა და ქვეითად მოძრავ ადამიანებს შენიშნავთ. სოფლის მაცხოვრებლები სოფლის მეურნეობით და მესაქონლეობით არიან დაკავებულნი. წვიმის გამო კი მოსახლეობა მინდორში ვერ შედიოდა. ჩვენ დანგრეული გზებით, როგორღაც სოფლის ცენტრამდე მივაღწიეთ. ჩვენი იქ ყოფნის დროს მოსწავლეები სკოლიდან მიდიოდნენ და ფეხები რომ არ გატალახიანებოდათ ქვებზე ცდილობდნენ გავლას. სოფლის მაცხოვრებლებმა თავიანთი პრობლემების შესახებ გვიამბეს.

ძირითადად, სოფლის ცენტრალური და შიდა გზების, სასმელი წყალისა და ნაგვის პრობლემები დაასახელეს. როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, მათი სოფლის გზა ბოლოს საბჭოთა კავშირის დროს მოასფალტდა და იმ დროის შემდეგ სოფლის გზებზე არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. მოსახლეობის თქმით, ისინი თავიანთი ხარჯით ყრიან ხრეშს გზებზე, ამას კი არანირი შედეგი არ აქვს.

რამდენიმე თვის წინ კომპანია „სოკარ ჯორჯიამ“ სოფელში ბუნებრივი აირი გაიყვანა, რა დროსაც სოფლის გზები გადათხარეს და მდგომარეობა უფრო გაუარესდა. როგორც მოსახლეობა ამბობს, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ სამუშაოების მერე მათი ცენტრალური და შიდა გზები აღდგებოდა, მაგრამ ჯერ არაფერი არ გაკეთებულა.

“ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და რაიონულ ცენტრში მისვლა არ შეგვიძლია. სასწრაფო ვერ მოდის გზის გამო. სკოლაში ბავშვს მისვლა არ შეუძლია. ჩვენ ფული თვითონ შევაგროვეთ და ჩვენით გავაკეთეთ გზა. ზოგის ოჯახის წევრები რუსეთში მუშაობენ, იმათმა გამოაგზავნეს ფული და იმით გავაკეთეთ გზა. ამ გაზის მილების გაყვანით კი ჩვენი გაკეთებულიც გააფუჭეს. შეგვპირდნენ რომ ახალს დაგვიგებდნენ, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ“,- აცხადებენ მცხოვრებლები.

სოფლის მაცხოვრებლები სასმელ წყალის პრობლემაზეც საუბრობენ, ისინი წყალს სოფლის ცენტრში მდებარე წყალსადენიდან იღებენ და როგორც თავად ამბობენ ის წყაროც თავიანთი ხარჯებით გააკეთეს. ძლიერი სიცხის დროს კი წყალი იქაც არ მოდის.

“არხებიდან წყალი ხან მოდის და ხან არა. წვეთებით მოდის ისე, რომ ამ წყლით სარგებლობას ვერ ვახერხებთ. ყველა სოფლეში წყალი გაიყვანეს და ჩვენ ასე დავრჩით. წყლის ფულს ჭამენ, გამოყოფენ თანხებს და წყალი მაინც არ გვაქვს. ხალხი შეგროვდება ერთ დღეს, უკვე შუძლებელია. ჩვენ სახელმწიფოსთან რა პრობლემები გვაქვს რო? ვმუშაობთ, ვწვალობთ მაგრამ ჩვენთან არაფერი კეთდება“,-ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.

მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ სოფლეში გზის პრობლემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე სათანადო ორგანოებს მიმართეს. მათ შეპირდნენ, რომ სოფელ ულაშლოში გზას გაიყვანენ, მაგრამ როდის, ეს ულაშლოელებისათვის უცნობია.