მექსიკის ქალაქ ჩიჩიკილას მერი, წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო, საკუთარმა ამომრჩევლებმა მძევლად აიყვანეს და რატუშაში მანამ გამოკეტეს, სანამ მან გამოსასყიდის ნაწილი არ გადაიხადა.
ალფონსო ერნანდეს მონტიელს მოვალეობის შესრულება სულ რაღაც ხუთი თვის დაწყებული ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, უკმაყოფილო მოსახლეობამ გადაწვიტა, მისთვის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება მოეთხოვა. ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებენ, ისხდნენ და ელოდონ, როდის ამოეწურება მერს ვადა, მაშინ, როცა ის ფუჭი დაპირებების გაცემას განაგრძობს.
კვირას ჩიჩიკილას მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რატუშის (ადმინისტრაციული შენობა) წინ მასობრივი საპროტესტო აქცია გამართა მოთხოვნით, შეესრულებინა მერს ყველა ის დაპირება, რასაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, მათ შორის, აეშენებინა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ხიდი.
საპროტესტო აქციაზე მოვლენები დრამატულად წარიმართა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელები განაიარაღეს, მერი, თანმხლებ პირებთან ერთად, რატუშაში გამოკეტეს და განაცხადეს, რომ აღარ სურთ, დაუჯერონ იმ ტყუილებს, რასაც ის ამბობდა.
მოსახლეობამ, ალფონსო ერნანდეს მონტიელის გათავისუფლების სანაცვლოდ, 10 მილიონი პესო მოითხოვა, რაც 506 ათასი აშშ დოლარია.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მერმა გადაწყვიტა, საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის 3 მილიონი პესო (152 ათასი აშშ დოლარი) ადგილზე გადაეხადა. ის მათ დაჰპირდა, რომ დანარჩენ თანხას მომდევნო დღეებში გადაიხდიდა.
მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ უკვე აღარ სჯეროდათ მერის დაპირებების, ისინი დათანხმდნენ და მერს ნება დართეს, რატუშა დაეტოვებინა.
მეორე დღეს კი მექსიკის მთავრობის გენერალურმა სამდივნომ უარი განაცხადა, ამ ხალხისთვის დანარჩენი თანხა გადაეხადა იმ მოტივით, რომ მომიტინგეებმა მერი ნებაყოფლობით გაათავისუფლეს. განცხადებაში ასევე, ნათქვამი იყო, რომ ხალხს არა ფული, არამედ მერისგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება უნდა მოეთხოვა.
სავარაუდოდ, ხელისუფლებამ თანხის გადახდაზე იმ მოტივითაც თქვა უარი, რომ არ მიეღო ზომები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებმაც, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანეს მერი და გამოსასყიდს ითხოვდნენ. ფაქტია, ამ ბრალდებით ქალაქში არავინ დაუკავებიათ.
წყარო: odditycentral.com