თელავში, რძის გადამამუშავებელი საწარმოს ბაზაზე, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით სოციალური საწარმო „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ გაიხსნა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
საწარმო პროექტის „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფარგლებში დაფუძნდა. საწარმოში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 4 მოზარდი დასაქმდა. მათი ყოველთვიური ანაზღურება 375 ლარია.
პროექტის მენეჯერის, თეა კაჭარავას განმარტებით, „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ პროექტის ფარგლებში გახსნილი პირველი სოციალურ საწარმოა. მისივე ინფორმაციით, საწარმოს 17 ათასი ევროს ღირებულების რძის შოკური პასტერიზატორის დანადგარი გადაეცა.
“გაცემული გრანტი საწარმოს საშუალებას მისცემს, მომავალში გაზარდოს ყველის ასორტიმენტი და, აგრეთვე, სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. პროექტის ფარგლებში თითოეულ სამიზნე რეგიონში 2 სოციალური საწარმო დაფუძნდება, სადაც პროექტის 80 ბენეფიციარი სტაჟირებას გაივლის ან დასაქმდება. პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა ტრენინგების, სტაჟირების, გადამზადების და სოციალური საწარმოების დაფუძნების გზით. ეს საბოლოო ჯამში მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის მნიშვნელოვანი. ცენტრი ,,აფხაზეთი“ 5 სოციალური საწარმოს გახსნას გეგმავს სამ რეგიონში,” – თქვა თეა კაჭარავამ.