ქუთაისის ბიუჯეტში მილიონნახევარი ლარის ცვლილება შევიდა

853

ქუთაისის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შევიდა, რომელიც სხვადასხვა პროექტებს შეეხო. კრედიტის დასაფარად ბიუჯეტიდან, დამატებით, 92 ათასი ლარის მობილიზება გახდა საჭირო, ასევე საპროექტო სამუშაოებისთვის 90 ათასი ლარის დამატების აუცილებლობა დადგა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ცვლილების მიხედვით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის დამატებით 720 ათასი ლარი გამოიყო, ასევე გზების ორმოული  შეკეთებისათვის 500 ათას ლარს 290 ათასი ლარი დაემატა, 12 ათასი ლარით გაიზარდა საგრანტო პროგრამის “კატასტროფების მართვის” ბიუჯეტი.

ასევე, ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქციისათვის, დამატებით, 300 ათასი ლარი გამოიძებნა,  ახალი ბაღის მშენებლობისათვის პროექტის ბიუჯეტს კი 120 ათასი ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაემატება.

სანაცვლოდ, 160 ათასი ლარი მოაკლდა ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლის მშენებლობის პროგრამას, 50 ათასი ლარით შემცირდა კორპუსების რეაბილიტაციის და პანდუსების მოწყობის დაფინანსება.

ჯამში, ბიუჯეტში 1 579 900 ლარის ცვლილება შევიდა.

საკრებულომ სხდომაზე ბიუჯეტში შესული ცვლილება ხმაურის ფონზე დაამტკიცა. საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

ქუთაისის ბიუჯეტი ამ დროისთვის 62 მილიონი ლარია.