ქუთაისში ერთ-ერთ შადრევანში წყალი არ მოდის, ირგვლივ კი ანტისანიტარიაა

806

ქუთაისში, ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში, სამი წლის წინ რეაბილიტირებულ შადრევანში წყალი არ მოდის. შპს “გეგი 2013”-ს, რომელმაც ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყო, შადრევნის წყლით მომარაგებაზე არ უზრუნია. კომპანიის დირექტორი, გიორგი მიქაბერიძე ამბობს, რომ ამის უფლება მოსახლეობამ არ მისცა, რადგან, ადგილი ისედაც ტენიანია. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსახლეობა შადრევნის მიმდებარე ტერიტორიას ყოველდღიურად აბინძურებს, ანტისანიტარიის კერად ქცეული ადგილი კი არ სუფთავდება.

სკვერის მიმდებარედ არსებული სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ ტერიტორია რამდენჯერმე საკუთარი ძალებით გაწმინდეს, თუმცა, ნარჩენები ყოველდღიურად იყრება.

“საპირფარეშოდაა ქცეული ეს სკევრი. წყალი რომ არ მოდის ამ შადრევანში, იმიტომ არის სავსე ბოთლებით. ქალაქის ცენტრში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს? წლიდან წლამდე არავინ ასუფთავებს არც სკვერს და არც შადრევანს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სკვერის მოვლა კომპანიის პირდაპირი ვალდებულებაა და ადგილის დასუფთავება ადგილობრივ თვითმმართველობას არ ევალება.

შპს “გეგი 2013”-მა ქუთაისის მერიისგან ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 155 კვ.მ შენობა-ნაგებობა აუქციონზე იჯარის წესით შეიძინა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მას ტერიტორია უნდა მოეწესრიგებინა, მოეწყო შადრევანი და ძელსკამები.