შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ამბობს, რომ გორი თვითმმართველი ქალაქის სტატუსს არ დაკარგავს, თუმცა, მას გორის სათემო მუნიციპალიტეტის სოფლები შეუერთდება. ეს განცხადება გუბერნატორმა ტელეკომპანია “დიას” ეთერში გააკეთა. ის თვლის, რომ ოპტიმიზაციის თვალსაზრისით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანება კარგი იქნება.
სამხარაძე, ასევე, აცხადებს, რომ ქალაქ გორის მერი აიღებს პასუხისმგებლობას გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებზეც. მისი ინფორმაციით, ანალოგიური მოდელი გავრცელდება დანარჩენ 6 თვითმმართველ ქალაქზეც, რომლის გაუქმებასაც ხელისუფლება გეგმავს.
თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. პარალელურად, იმავე მოთხოვნით, თელავსა და ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში კი ამბობენ, რომ ქალაქების გაუქმებას მყარი არგუმენტები სჭირდება.