ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი ერთი თვით შეწყდა.
ამის შესახებ ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა თქვა. მისი ინფორმაციით, ის ბაღის აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა და გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” წერს.
“ყველა ასაკობრივი ჯგუფის მშობელს შეხვდი. მართალია, ბაღში შეწამვლითი სამუშაოები დასრულებულია. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, შენობაში დიდი ხნის წინ კედელზე გაკეთებულ პლასტიკატებს ვხსნით, რომ რაიმე კერა არ იყოს და საფრთხე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი,” – ამბობს წიტაიშვილი.
მისივე თქმით, ბავშვები, რომელთა მშობლებიც ისურვებენ, რომ სწავლა გააგრძელონ, ქუთაისის სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდებიან.
მ3-17 ბაღში სასწავლო პროცესი 22 მაისს შეწყდა.